05:47 - 05 Jun, 2025
2025-06-02 21:44:34, 483 ნახვა

კორონავირუსი/
მედია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ დეტალებს ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, განიხილეს უკრაინის შეთავაზება, რომ ივნისის დასასრულს ლიდერების შეხვედრა შედგეს. 

უმეროვი სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია. 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ შეთავაზება პირველად გაიგო, თუმცა უკრაინულ შეთავაზებებზე პასუხი არ გაუცია. 

"ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება შეგვეძლება". - თქვა უმეროვმა. 

უმეროვმა ასევე დაამატა, რომ დელეგაციები სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ შეთანხმდნენ, რომ "ყურადღება არა რიცხვებზე, არამედ კონკრეტულ კატეგორიებზე გაამახვილონ". 

"ჩვენ შევთანხმდით მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების "ყველა ყველასთვის" გაცვლა მოვაწყოთ. ესენი არიან ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც 18-იდან 25 წლამდე არიან, "ყველა ყველასთვის". ასევე შევთანხმდით, რომ დაღუპული ჯარისკაცების 6 000-6 000 ცხედარი დავაბრუნოთ". - თქვა უმეროვმა. 

უმეროვის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე ლიდერების დონეზე შეხვედრის მოწყობის გეგმაც განიხილეს, მათ შორის, სხვა ლიდერების, მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობის შესაძლებლობაც.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ლიდერებს შორის შეხვედრის მომზადებაზე იქნება მიმართული. რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20-იდან 30 ივნისამდე მოვაწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესისთვის". - თქვა უმეროვმა. 

The Economist-ის კორესპონდენტის, ოლივერ ქეროლის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას, უკრაინულმა მხარემ რუსეთში დეპორტირებული ასობით ბავშვის სია წარადგინა.

რაზედაც, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ ასე უპასუხა: „ნუ დგამთ სპექტაკლს გულჩვილი ევროპელი მოხუცი ქალბატონებისთვის, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ჰყავთ"

 

რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამი, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს:

„პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“.

რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს.

ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს.

დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო იურიდიული აღიარება. საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარი. რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა“, - ნათქვამია რუსული მხარის მემორანდუმში.

შეგახსენებთ, დღეს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics