11:45 - 13 Jun, 2025
2025-06-11 21:34:17, 417 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ორბანს - ჩვენ გვაქვს გამოწვევები და გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია ერთად დგომა

საქართველოსა და უნგრეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, საქართველო კი, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები , - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმაა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ, უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც, თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატზე და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ფორმატი დაფუძნდა ორი წლის წინ და წელს უკვე იმართება მეორე შეხვედრა ამ ფორმატში.

„ამ შეხვედრამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთად გვემსჯელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად სამომავლო გეგმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, თითოეულ მინისტრს ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, თავდაცვას, იუსიტიციას, განათლებას, კულტურას. ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა, შეთანხმებებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ამის დასტურია ის ხშირი გაცვლა ვიზიტების და შეხვედრების, რომლებიც იმართება ჩვენს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას.

ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გვქონდა დღეს საუბარი. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობაც იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics