07:48 - 12 Oct, 2025
2025-09-30 15:43:59, 947 ნახვა

საზოგადოება/
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

1-ლი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.

ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ.

ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.

ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics