07:44 - 12 Oct, 2025
2025-10-08 20:36:53, 119 ნახვა

პოლიტიკა
საზოგადოებრივ მაუწყებლის მარშის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

"ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით და ერთად დავუპირისპირდეთ" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს. 

მათი თქმით, წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს ერთი მხრივ განვლილის შეფასებას, მეორე მხრივ სტრატეგიულ განახლებას. 

ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება.

ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის.

ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ, განვლილის შეფასებას და მეორე მხრივ - სტრატეგიულ განახლებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს - შეფასება და განახლება - გვინდა შემოგთავაზოთ.

ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზ.მაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად:

  • 1 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
  • 6 თვის განმავლობაში ვაწარმოეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ.
  • გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით - რეგიონებში.

უწყვეტი რუტინის შედეგად, მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, კონკრეტული შეძახილებითა და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებების და პრობლემების არტიკულირება.

რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით

გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა.

სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ. ამისათვის, ვგეგმავთ:

  • პირველი: საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში -  პარკებში, მეტროს სადგურებში თუ ბაზრობებში - იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
  • მეორე: მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას - არა ყოველდღიური ტრაექტორიის გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას; კონკრეტული თემით განსაზღვრულ, დათქმულ თარიღებში, საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
  • მესამე: ანალოგიური შეთავაზება კრიტიკულ მედიებს, რა მოთხოვნებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართ გვაქვს. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფი ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი, პოლიტიკური სახეების სათქმელს.

გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ: ვერავინ შეძლებს, ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. 

თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის - ბოლომდე!" - განაცხადა გოტა ჭანტურიამ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics