07:49 - 12 Oct, 2025
2025-10-10 11:20:31, 145 ნახვა

პოლიტიკა
ცუცქირიძე: ანტიკორუფციული ბიურო ჩემი წინა სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს მთხოვს

პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო, მას შემდეგ, რაც სასამართლოსგან მოძრაობის წევრების კერძო ანგარიშების მონიტორინგის უფლება სასამართლოსგან მიიღო, ამჯერად ცუცქირიძისგან მისი ყოფილი სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს ითხოვს.

"მთავრობა იწყებს გამოძიებას…"

მორიგი ახალი ამბავი მაქვს ანტიკორუფციული ბიუროსგან.

გეცოდინებათ, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუციულ სააგენტოს სასამართლოსგან ჩვენი კერძო ანგარიშების მონიტორინგის უფლება მიუღია - ანუ მართალია პარტიად არ გაღიარებთ ფორმალურად, მაგრამ მაინც გაღიარებთ და ამიტომ გვითხარით პარტიის, უკაცრავად, თქვენს პირად ანგარიშებზე რა ხდებაო. შეგახსენებთ, რომ პარტიად დარეგისტრირებაზე მანამდე გაუგებარი მიზეზებით ორჯერ გვითხრეს უარი და ახლა მესამე წრეზე ვართ.

ახლა მთხოვენ ანგარიშს ჩემი წინა სამსახურის საქმიანობაზე (მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში), სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს დავტოვე და სამწუხაროდ, ორგანიზაცია საერთოდ გაჩერებულია შექმნილი ვითარების გამო. ეს ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს და თუ არ იციან, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ეგ ვიღას უკვირს.

ანგარიშებსა და საჯაროობას რაც შეეხება: ჩემი წინა სამსახურის ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია საქმიანობის ჩამონათვალი და ბევრად მეტი ინფორმაციაც. დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ დეტალურად წაიკითხონ რა ვაკეთებდით, ვისთვის და ვისი მხარდაჭერით. აქაც ვიტყვი მოკლედ: 2009 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უკიდურესად დასუსტებული და ზეწოლის ქვეშ მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა და დემოკრატიის შესახებ განათლების გავრცელება იყო. ევროპული დაფინანსებით ჩვენ მათ სწავლებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, საერთაშორისო ურთიერთობებში ხელშეწყობით, საარჩევნო პროგრამების შემუშავების რჩევებით, შიდაპარტიული დემოკრატიის წახალისებით და ექსპერტული მხარდაჭერით ვეხმარებოდით - მათ შორის ქართულ ოცნებას, რისთვისაც მისი არაერთი დღევანდელი ლიდერი უაღრესად მადლიერი იყო.

მე სწორედ საჯაროობისა და ანგარიშვალდებულობის ვიბრძვი და ისეთი დემოკრატიისთვის, სადაც ეს ვალდებულებები ყველასათვის თანასწორად ვრცელდება. ამიტომ, როდესაც ამისი დრო მოვა, ქართული ოცნების თანამდებობის იმ პირებსაც მოუწევთ პასუხების გაცემა, სოციალური შემწეობების მიმღებებად რომ მივიდნენ პარტიაში და ახლა მულტიმილიონერები არიან, ზოგიერთს საათების ისეთი კოლექცია აქვს, ექთნებს რომ მათ საყიდლად 60 წელზე მეტი შრომა დასჭირდებათ და ზოგი კი ისეთი ჩანთით დადის ქუჩაში, რიგითი პოლიციელის მთელი წლის შემოსავალი რომ არ ეყოფა.

რაც არ უნდა ქნან, ვერ შეგვაშინებენ ხალხს, რომლებმაც ვიცოდით წინ რა გველოდა, მაგრამ ერთი წლის წინ ჩვენი კომფორტი, კეთილდღეობა და უსაფრთხოება გვერდით გადავდეთ, ახალი პარტია დავაარსეთ და ბრძოლაში პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისთვის ყველაზე სახიფათო დროს ჩავებით. ჩვენნაირი ბევრია - შეხედეთ შეუჩერებელ წინააღმდეგობას საქართველოში და დარწმუნდებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ეს პირობა დავდო: როდესაც სამართლიანობა გაიმარჯვებს, ჩვენ არ ვიძიებთ მათზე შურს პოლიტიკური ნიშნით და არასოდეს მოვიქცევით მათ მსგავსად. ჩვენ შევქმნით პარტიისგან დამოუკიდებელ პოლიციასა და პროკურატურას, დამოუკიდებელ სასამართლოს, სადაც პატიოსანი მოსამართლეები მოქალაქეებს უმიზეზოდ კი არ დასჯიან, არამედ მათ უფლებებს აღადგენენ და დაიცავენ; შევქმნით პარტიისგან ავტონომიურ საჯარო სამსახურს, სადაც მასწავლებებლს არავინ აიძულებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ რომელიმე პარტიის აგიტატორი გახდეს და სადაც საუკეთესო ექიმს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ; და ჩვენ აუცილებლად შევქმნით კორუფციასთან ბრძოლის ძლიერ, პროფესიონალურ საბჭოს, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ადამიანები უხელმძღვანელებენ, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მრავალპარტიულ პარლამენტთან, ექნება დამოუკიდებელი გამოძიების ეფექტური შესაძლებლობა და რომლის მიუკერძოებელი თანამშრომლები თავგასული კორუფციონერებისგან რეალურად დაიცავენ ხალხს.

სწორედ ეს იქნება ჩვენი ნამდვილი გამარჯვება ამ უღირს და უსაქმურ პარტიაზე".- წერს ცუცქირიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics