05:23 - 12 Oct, 2025
2025-10-11 16:24:10, 95 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პრორუსი სატელიტები მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას - სურთ თუ არა მოქალაქეებს ევროკავშირი

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამო, უნდა გადაიხედოსევროინტეგრაციის საკითხი.

”ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა - არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის - ეს არის დიფ სთეითის მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.

ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ დიფ სთეითის ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში, რასაც ცხადია, დიფ სთეითის პროპაგანდა ევროკავშირში "პიროვნების თავისუფლების" საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, დიფ სთეითის მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება.

ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე - სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული "ევროინტეგრაციის" პროცესს.

ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ - რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ?

რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?" - ნათქვამია Facebook პოსტში.

ივანიშვილის სატელიტები წერენ, რომ უნდა ჩატარდეს რეფერნდუმი, რომლის საშუალებითაც გაირკვევა სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანება.

"ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ. სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება.

რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ - არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო." - წერს ივანიშვილის რეჟიმის სატელიტი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics