„მე დავინახე, რომ ბოროტება არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ანადგურებდა, მათ შორის საქართველოსაც“. ამის შესახებ სინდისის პატიმარმა ანტონ ჩეჩინმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმნისას განაცხადა.
რუსმა ანტონ ჩეჩინმა საბოლოო განცხადება 2 სექტემბერს წარმოთქვა. მასში მან რუსულად ისაუბრა რუსეთში პოლიტიკური სისტემისა და საქართველოში პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებდა.
28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იყო. იმედი მქონდა, რომ იმ დღეს გამათავისუფლებდნენ. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს...
საქართველოს მთავრობას ჩემი თავისუფლების შეზღუდვის მოტივი ჰქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან ხორციელდება... საქართველოს მმართველი პარტია არახელსაყრელ მდგომარეობაშია. მათ გადაწყვიტეს ხალხის რეპრესირება, რასაც ნარკოტიკების ჩადების ამჟამინდელი სიტუაციაც ადასტურებს. ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია და, სამწუხაროდ, საქართველოშიც გამოიყენება.
ძალიან ბევრი ვიშრომე ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და იმ ადამიანების გამოსავლენად, ვინც ნარკოტიკები ჩამიდო - წერილები გავუგზავნე 20 ქვეყნის საელჩოებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით. ასევე, საჩივარი შევიტანე ევროპის სასამართლოში.
თუ დამნაშავედ ცნობენ, ბრძოლას გავაგრძელებ. ციხეში ჩემი უფლებები ირღვევა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საჩივარი შევიტანე. გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან ამ უწყებას ჩემს წინააღმდეგ მიმართული პროკურორი მართავს. ისინი ჩემს წინააღმდეგ არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდებული ვარ, არამედ იმიტომაც, რომ პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გამოვედი.
ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის კავშირი არსებობს. ქრისტიანობა მხოლოდ კარგზე ფიქრს და ეკლესიაში სიარულს არ ნიშნავს. ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. დავინახე, რომ ბოროტება არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ანადგურებდა, მათ შორის საქართველოსაც.
პოლიტიკური სისტემა და სოციალური სტატუსი, რომელშიც დავიბადე, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მშვიდად ვერ ვუყურებდი, რას აკეთებდნენ საბჭოთა იმპერია და პუტინის რეჟიმი. ეს ბოროტება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებდა და მთელ მსოფლიოში სისხლის მდინარეებს ღვრიდა. ჩემი ქრისტიანული მოვალეობაა დავიცვა ყველა, ვინც შეიძლება ამის გამო დაზარალდეს... [გამოვხატო ხმა] საქართველოს ოკუპაციისა და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ...
მე ვიბრძოდი დემოკრატიული ღირებულებებისთვის. იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა და სამთავრობო უწყებებმა იმუშაონ მოქალაქეებისთვის და ტოტალიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
ჩემი დაპატიმრება შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიციის უკანონო ქმედებები. მათ ჩემი ჯიბიდან ნარკოტიკები ამოიღეს, რაც აქამდე არასდროს მენახა. ნარკოტიკებთან არაფერი საერთო არ მქონდა. პოლიციამ ძალა ზედმეტად გამოიყენა - ჩემს დასამცირებლად და დასაშინებლად.- თქვა ჩეჩინმა სასამართლოში განაჩენის გამოცხადებამდე.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.