რადიკალური ოპოზიცია მანამდე ცდილობდა, რომ ქვეყანას უვიზო რეჟიმი არ მიეღო და შემდგომ უკვე, მერვე წელია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე უვიზო რეჟიმი ან შეჩერდეს, ან საერთოდ გაუქმდეს, რათა დაისაჯოს ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებისთვის", - ირწმუნება ერთპარტიული საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ 31 აგვისტოს მერვე ანგარიში გადაუგზავნა პარტნიორებს.
„ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ ყველა პირობას. თუმცა, იქნება ვინმემ ევრობიუროკრატიიდან აუხსნას ჩვენს მოქალაქეებს რა კავშირი აქვს თითოეული ჩვენთაგანის უვიზო გადაადგილებას „გამჭვირვალობის კანონთან", „ოჯახის ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის კანონთან". რატომ დგას ასე ეს საკითხი და რატომ გამოიყენება უვიზო რეჟიმის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის და მუქარის თუ შანტაჟის მექანიზმად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში?! თუ ვინმეს, ჩვენს გარე პარტნიორებს, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს და დამფინანსებლებს ქვეყნის გარედან ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობა ადარდებთ - გასაგებია რატომ არის ასეთი წინააღმდეგობა. თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამის გამო ლგბტ პროპაგანდა უნდა დავუშვათ, უნდა დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მერე მათთვის შვილის აყვანის უფლება და ა. შ - ესეც გასაგებია. თუმცა, თუ ვინმე თვლის, რომ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის შეიძლება არსებობდეს ტოლობის ნიშანი უვიზო მიმოსვლა თუ ოჯახური ღირებულებები, უვიზო მიმოსვლა თუ ქრისტიანული და ქართული იდენტობა - იცოდეთ, რომ ასეთი ტოლობის ნიშანი არ არსებობს! ასეთი არჩევანი ქართველი ხალხისთვის არ არსებობს და ბუნებრივია, ქართველი ხალხი სხვა არჩევანს ვერ გააკეთებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო აპირებს ევროკავშირში წელში მოხრილი შევიდეს - ეს ასე არ იქნება! დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ოღონდ გავხდეთ ჩვენი ღირსებით, ამაყად, ჩვენი ეროვნული, ქართული, ქრისტიანული ღირებულებების და ტრადიციების შენარჩუნებით", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ოჯახი ყოველთვის იქნება ქალის და კაცის ერთობა, მშობლების, შვილების ერთობა და საქართველოში არასდროს არც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება და არც „გეი-აღლუმები" გაიმართება.