09:09 - 27 Apr, 2025
2023-07-09 13:27:21, 1068 ნახვა

რატომ ვერ ახსენებენ ქართული პოლიტიკური პარტიები სიტყვებს: გეი, ლგბტ ან პრაიდი

საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის უფრო მეტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან, თავის განცხადებებში ან პოზიცებში ერიდებიან სიტყვა "გეის" ლგბტქ" ტერმინების გამოყენებას, ამისნი ნათელი მაგალითია გუშინ, მოძალადე ჯგუფების მიერ, პრაიდ ფესტივალის ჩაშლის შემდეგ გავრცელებული განცხადებები.

მეტიც, სამწუხაროდ სახალხო დამცველი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას პრაიდის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.
განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ლევან იოსელიანი ასევე არ აკონკრეტებს, რომ პრაიდის ფესტივალი ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.
"როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.

ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში  დაგეგმილია  სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული   და სათანადო რეაგირება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიებიდან ალბათ ყველაზე საინტერესო იყო, ყოფილი სახელისუფლო პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება.  ტექსტი გაჯერებული იყო პოლიტიკური პათეტიკით, ხოლო რა ღონისძება ჩაშალა რუსულმა რადიკალურმა ჯგუფებმა ერთხელაც არ იქნა ნახსენები. 

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია, არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა.

ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს.

ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება!

საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება!

საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება! საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის მუხლჩაუხრელად იმუშავებს!”- ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

ყოფილი სახელისუფლო პარტია, მუდმივად თამაშობს ამ საკითხში ჩამოუყალიბებელი პოზიციების როლს, თუმცა უნდა ითქვას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთი ჰომოფობი მხარდამჭერი ჰყავს, ეს პარტია სწორედ ასეთ ჰომოფობებს ეცეკვება ტანგოს. მაგრამ უარყოფითად განაწყობს, ათასობით მის პოლიტიკურ პროევროპულ მხარდამჭერს.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოძალადე პოგრომშიკების მიერ Pride ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა. პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ქართულ ოცნებას ექვემდებარება. გახარიას პარტიასაც არ უხსენებია, სიტყვა გეი ან ლგბტ.

"დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ხელისუფლებამ, რომელიც ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია, ადამიანები მოატყუა, რომ დაიცავდა, რათა შეკრების ადგილზე რაც შეიძლება მეტი მოძალადე მიეყვანა და შემდგომ ეს მათ გამარჯვებად გაეფორმებინა. ოცნებამ ერთი ხელით ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ გარანტიები მისცა და მეორე ხელით ძალადობა დააორგანიზა. ეს არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ როცა დასჭირდებათ და ვის წინააღმდეგაც დასჭირდებათ, იძალადებენ, თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ გარემოში წარმართვას აპირებს. დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნებისთვის ფასეულობები არ არსებობს. თუ დასჭირდათ იძალადებენ, თუ დასჭირდათ სახელმწიფოს გააუქმებენ. მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა და პარტიული ინტერესი". - წერია პარტიის განცხადებაში.

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი არ დარჩა მოვლენებს მიღმა, მაგრამ მათაც შეეშინდათ ან არ მოუნდათ, განცხადებაში პრაიდი, გეი თუ ლგბტ ეხსენებიათ. პარტიაში ამბობენ, რომ დღევანდელი ძალადობა ქართული ოცნების მიერ იყო ორგანიზებული და წაქეზებული.

"სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა, რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას რუსული მეთოდებით ცდილობს, რადგან, მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ, რომ რუსეთს ყოველდღე უფრო და უფრო დაგვაახლოვონ და დაგვამსგავსონ. სტრატეგია აღმაშენებელი ყოველგვარ ძალადობას გმობს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაა, რასაც, სამწუხაროდ, ქართული ოცნება არათუ არ აკეთებს, არამედ, თავად არის მოძალადე. სწორედ ამიტომ, საერთო ძალებით, რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იქნება კანონით გათვალისწინებული და დაცული. ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ. არა ძალადობას, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ". - წერია პარტიის განცხადებაში.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება ასევე არ ახსენებს სიტყვებს, გეი, პრაიდი, ლგბტ, თუმცა პარტიის განცხადებით, საქართველოში პოლიცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ძალაუფლებას იცავს.

"ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებასა და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ. ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ. ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის. მით უმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზითა და ხელკეტებით. "მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ"-საც კი არ ჩაურთავენ. რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია. ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ. რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ". - წერია პარტიის განცხადებაში. 

ერთადერთი, ვინც ღიად დაუჭირა მხარი ლგბტ აქტივისტეპბს პარტია დროაა, განცხადებაში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ "პარტია დროა ყველა ლგბტქი+ ადამიანსა და თბილისი პრაიდის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

""პარტია დროა ყველა ლგბტქი+ ადამიანსა და თბილისი პრაიდის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ყველა შესაძლო სახით, თუნდაც ფიზიკურად, დავიცავთ შეკრებისა და გამოხატვის თქვენს კონსტიტუციურ უფლებას. რა თქმა უნდა, ფესტივალის ორგანიზატორების ინსტრუქციების მიხედვით ვიმოქმედებთ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე არ შეასრულა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და უარი თქვა მოძალადე ჯგუფებისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე. ეს პირველად არ ხდება და არც გასაკვირია, რადგან ეს მოძალადე ჯგუფები სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული, ორგანიზებული და დაუსჯელობით წახალისებული. საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოაწყო ძალადობის დემონსტრირება. ხელწერა იგივეა - ჟურნალისტებსა და განსხვავებულ, მათთვის მიუღებელ საზოგადოების ნაწილზე თავდასხმა. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე შეტევა, დარბევა და დაკავებები. ვნახეთ, როგორ იცავდა ქართული პოლიცია ლავროვის ოჯახის ქორწილსა და ქეიფს პროტესტის მონაწილეებზე სასტიკი ფიზიკური შეტევით. სწორედ ამიტომ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება არის ძალადობისა და დაპირისპირების პირველი და ყველაზე დიდი წყარო". - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის პოზიცია

აგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეების მიერ ღონისძიების ჩაშლას.

ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება - ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება - ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალმდაცველებთან შეთანხმებული და ჩაკეტილ სივრცეში დაგეგმილი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომ სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს.

აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული "პოსტებით" არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ.

რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ, პირველ რიგში, ადამიანების უფლებების დაცვა - პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და ჩემი მარცხენა ხელი სხვა რამეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმდებისა თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მე მინდა დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედება - ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა; მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ "მესიჯ-ბოქსებით", რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული",- განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics