2025-04-29 19:10:52, 43 ნახვა
რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
„ქართული ოცნების“ რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღაზე გადავიდა. დილიდან რეჟიმის წარმომადგენლები შევიდნენ ჟურნალისტის და ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლში. პარარელურად „ოცნების“ პროკურატურმმ ჩხრეკები მოუწყო სხვა აქტივისტებს და ფონდის დამფუძნებლების საცხორებელ სახლებში. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "რუსებო"; "მონებო". პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ. უწყების წარმომადგენლებმა ასევე, რამდენიმე აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა. „წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა. მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის. ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა. კიდევ ერთი ადამიანი ვისაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ტერორი მოუწყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ნაშუადღევს დასრულდა. პროკურატურის თანამშრომლებმა, როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს. „სახლიდან გამოვედი და მივდიოდი ოფისში. ავტობუსში ავედი, მეჩქარებოდა, რომ არ დამეგვიანა. სავარაუდოდ, გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში, ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში. გამაცნეს მოსამართლის განჩინება, შემდეგ ჩხრეკის პროცედურის დასრულებისას ამოიღეს მობილური. შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც სახლის ჩხრეკას ეხებოდა. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საქმიანობა არის უკანონო. დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ. პირადი ჩხრეკის შემდეგ მეორე განჩინება გამაცნეს და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. ჩხრეკის ჩატარებისას, ბინაში იმყოფებოდა გეგუჩაძის ბიძა, რომელიც ამჟამად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მას პროკურატურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ჩხრეკის ჩატარებისას ბინაში შესვლას ითხოვდა მარიამ გეგუჩაძე, თუმცა ის პოლიციამ არ შეუშვა. ჩხრეკას არც ადვოკატი დასწრებია. „ბინა არის ჩემს სახელზე, შესაბამისად, ვის გამოც იყო ჩხრეკა ვიყავი მე, თუმცა არ შემიშვეს“, - - აღნიშნა გეგუჩაძემ. ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორე ხელმომწერი წარმომადგენლები, ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა , - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!“. „ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა. ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება! საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს! ნანუკა შენს გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“,- წერს მამუკა ხაზარაძე. რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? - სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება? ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. „მოდით, ჯერ კითხვა დავსვათ ძალიან კონკრეტული - აი, ახლა, დღეს დილიდან რაც ხდება საქართველოში, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება ასეთი რამ? ევროკავშირში. ამიტომ გვინდა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ არ მოხდება, სადაც ადამიანებს, ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის, სახლში არ შეუვარდებიან, სადაც ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიცია არ დაადგება სახლში და ასე უდიერად არ მოეპყრობა. ამიტომ, რას ვუკავშირებ?! პირველი - იმას, რომ აღიარება ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს. მეორე - ქვეყნის შიგნით ერთიანობა და პროტესტი ვერ გატეხეს. მესამე - დაიწყეს ახლა მასობრივი წუწუნი, რომ სანქციები მათ ძალიან აწუხებთ, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ამიტომ ამას აკეთებენ ძალის დემონსტრირებისთვის. ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში ხდება. ამიტომაა ივანიშვილის რეჟიმი რუსი ივანიშვილის რეჟიმი და ამიტომ უნდა დასრულდეს ეს," - განაცხადა ვაშაძემ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ტერორს უწოდებს. „კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები. საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან - როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ. შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი. ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა! რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! - ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“,- წერს ხაბეიშვილი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. „პასუხი მოეთხოვებათ სამართლებრივად და პასუხს აგებენ პირები, ის უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში, ვინაიდან მიმდინარე გამოძიებას არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. ეს პირველ რიგში იციან ამ უწყებების წარმომადგენლებმა და ამიტომაც იყო, რომ დღეს მხოლოდ ერთმა უწყებამ ვერ გაბედა შესულიყო ჩხრეკის ჩასატარებლად. სრულიად გაუგებარი სამართლებრივი პროცედურა იყო, როდესაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ერთდროულად მონაწილეობდა მოქალაქეების ჩხრეკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უწყება ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და მათ უნდათ, რომ ყველა უწყება იყოს თანამონაწილე დანაშაულის და არა კონკრეტული უწყება. ეს მათ შიშებზე მიანიშნებს და ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და კრიმინალს და უნდათ, რომ იყვნენ თანამონაწილეები კრიმინალში და ყველამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-29 20:45:28 ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ 2025-04-29 20:33:54 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს 2025-04-29 19:31:15 უკრაინელი ჟურნალისტი როშჩინა რუსეთის რეჟიმმა სიკვდილამდე სასტიკად აწამა 2025-04-28 18:42:01 ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს 2025-04-28 15:43:17 ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |