02:35 - 13 May, 2025
2025-05-12 21:40:51, 56 ნახვა

მსოფლიო/
მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში

დემოკრატიების ალიანსის ფონდის უახლესი ყოველწლიური ანგარიშის, "დემოკრატიის აღქმის ინდექსის" მიხედვით, ქართველების უმრავლესობა დემოკრატიას, მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაზე ან თავისუფალ არჩევნებზე უფრო მეტად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებს.

კვლევა ასევე მზარდ შფოთვაზე მიუთითებს: საქართველო უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმაზე ყველაზე მეტად შეშფოთებულ ქვეყნებს შორისაა.

უცხო ქვეყნისგან თავდასხმის შიში ყველაზე მაღალი საქართველოში, უკრაინასა და ფილიპინებშია

უცხო ქვეყნისგან თავდასხმის შიში ყველაზე მაღალი საქართველოში, უკრაინასა და ფილიპინებშია

დემოკრატიის შესახებ აღქმების ყველაზე მასშტაბურ კვლევაში, გამოკითხულ ქართველ რესპონდენტთა 86%-მა განაცხადა რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა მათთვის “ძალიან” ან “უაღრესად” მნიშვნელოვანი იყო. ამ საკითხზე გამოკვეთილად მაღალი მაჩვენებლით, საბერძნეთთან, თურქეთთან, ურუგვაისთან და უნგრეთთან ერთად, საქართველო მსოფლიო ხუთეულშია.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, დემოკრატიის მნიშვნელობაზე დაბალი წარმოდგენით გამორჩეული ბელარუსი გამოდგა (რესპონდენტთა 52%).

ფონდის დაკვეთით, 100 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, კვლევითი ორგანიზაცია Nira Data ასევე დაინტერესდა, თუ რა მიაჩნდათ ადამიანებს დემოკრატიის დანიშნულებად.

ქართველი რესპონდენტების უმრავლესობის აღქმით, დემოკრატიული მმართველობის დანიშნულება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობის მიღწევაა. ამაზე აქცენტით, საქართველო ყველაზე დიდ, 52-ქვეყნიან ჯგუფში აღმოჩნდა.

მსოფლიო სურათის შეჯამებისას, კვლევაში აღნიშნულია რომ ქვეყნების უმრავლესობაში “მოქალაქეები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან მთავრობის საქმიანობით ცხოვრების ხარჯებთან, სიღარიბის შემცირებასთან და ხელმისაწვდომ საცხოვრებელთან დაკავშირებით — საკითხებით, რომლებიც უშუალოდ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე”.

დემოკრატიის დანიშნულების ინტერპრეტირებისას, დანარჩენი ქვეყნების რესპონდენტების პრიორიტეტები “თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე” (19 ქვეყანა), “ინდივიდუალური უფლებების და თავისუფლებების დაცულობაზე” (16 ქვეყანა) ან “სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ხელშეწყობაზე” (13 ქვეყანა) გადანაწილდა.

დემოკრატიების ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა. მორიგი, ორდღიანი სამიტი სამშაბათს იწყება.

ომის შიში და თავდაცვის მხარდაჭერა

12 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქართველები განსაკუთრებით ღელავენ უცხო ქვეყნის შესაძლო სამხედრო თავდასხმაზე. მსგავსი აღქმების სიძლიერით, საქართველო სამ მოწინავე ქვეყანას შორისაა - უკრაინასთან და ფილიპინებთან ერთად.

უკრაინელებთან მსგავსება გამოიკვეთა ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისადმი დამოკიდებულებაშიც: ქართველი რესპონდენტების საგრძნობი ნაწილი მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ზრდას, თუნდაც ამან სხვა სექტორების დაფინანსების შემცირება ან გადასახადების ზრდა გამოიწვიოს.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ მზადაა იბრძოლოს ქვეყნის დასაცავად

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ მზადაა იბრძოლოს ქვეყნის დასაცავად

ასეთი განწყობებით, ანგარიშის მიხედვით, საქართველო უთანაბრდება ასევე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. მათგან კარდინალურად განსხვავებული აღქმები აღმოაჩნდათ იტალიელებს, ფრანგებს, ბერძნებს, ბელგიელებს და ავსტრიელებს.

ტრამპი - ყველაზე ცნობილი, მაგრამ არაპოპულარული

გამოკითხვამ მოსალოდნელი დაადასტურა: დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფიგურაა. თუმცა, ის უაღრესად არაპოპულარულიც აღმოჩნდა, იმდენად, რომ ნეგატიური რეიტინგით (82%) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს (61%) და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს (44%) გადაუსწრო.

ჩინეთის ლიდერის ამ ანგარიშით კმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი, ალბათ, ქვეყნებისადმი დამოკიდებულებების რეიტინგები იქნება: წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, მისი ქვეყნის მიმართ დადებითად განწყობილი ქვეყნების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა აშშ-სადმი დადებითად განწყობილი ქვეყნების რიცხვი.

ანგარიშის მიხედვით, ამ საკითხზე გამოკითხული 96 ქვეყნიდან, აშშ-სადმი სიმპათიებმა ჩინეთისადმი სიმპათიები მხოლოდ 20 ქვეყანაში გადაწონა.

"ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, წმინდა მაჩვენებლებით, ჩინეთისადმი კეთილგანწყობა ხშირად აღემატება აშშ-ისადმი კეთილგანწყობას", ასევე აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოში საზოგადოება აშშ-სადმი მკვეთრად დადებითადაა განწყობილი

საქართველოში საზოგადოება აშშ-სადმი მკვეთრად დადებითადაა განწყობილი

როიტერის ინფორმაციით, როცა ჰკითხეს, რატომ გაუარესდა დამოკიდებულება აშშ-ს მიმართ, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიზეზებად ტარიფების ომი და საგარეო პოლიტიკა, კერძოდ უკრაინის მიმართ თეთრი სახლის თავდაპირველი დამოკიდებულება დაასახელა, "რის შედეგადაც მოკავშირეები დაუცველად გრძნობენ თავს, ხოლო მტრები – გაბედულად. ეს არ არის გასაკვირი, რომ განწყობები გაუარესდა ისეთ ადამიანებშიც კი, როგორებიც ვარ მე, ვისაც მთელი ცხოვრება აშშ და მისი იდეალები აღაფრთოვანებდა “, - თქვა რასმუსენმა.

ამ საკითხზე დემოკრატიების ალიანსის ფონდს დაწვრილებითი მონაცემები არ გამოუქვეყნებია, მაგრამ რუკები, რომლებიც ანგარიშს ახლავ მიუთითებს რომ ევრაზიის კონტინენტზე, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საზოგადოება აშშ-სადმი მკვეთრად დადებითადაა განწყობილი.

კვლევის ავტორი ორგანიზაციის მიხედვით, გამოკითხვა მსოფლიო მასშტაბით ონლაინ, 9-23 აპრილის პერიოდში ჩაატარა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics