05:00 - 09 Mar, 2025
2025-03-06 12:56:32, 162 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ ბედი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება - „ამოჩემების სინდრომი“ - რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ თქვენი ბედი! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ფორმულა, რომ არჩევნები წააგო და მაინც მოგებულად გამოგაცხადონ, ჯერ არსად გამოუგონებიათ.

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება - „ამოჩემების სინდრომი“. ამოჩემებული აქვთ, რომ უნდათ არჩევნები და ამ დროს, 9 არჩევნები ჩატარდა და ყველა არჩევნებზე წააგეს. ახლაც არის არჩევნები ოქტომბერში. დღეს ამბობენ, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ თქვენი ბედი. ამბობენ, რომ აქ არ მივიღებთ მონაწილეობასო და აბა, როგორი არჩევნები უნდა დაინიშნოს? პირდაპირ რომ დაგნიშნავენ უცხოური ძალები აქ ხელისუფლებაში, ასეთი არჩევნები უნდა ოპოზიციას და ნურას უკაცრავად, ეს არც დემოკრატიაა და არც ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არ იქნება. არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ვერ დაამტკიცებ გაყალბებას და ვერ დაამტკიცეს, რომ გაყალბდა. პირიქით დაამტკიცეს. ხომ გვახსოვს, „ისფედმა“ გაამტკიცა, რომ ცესკოს მონაცემები იყო სწორი იმიტომ, რომ თვითონ რაც გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, იგივე ჰქონდა ცესკოს. მეტიც აღიარა, რომ დიახ, ეს ის შედეგებია, რაც ცესკოს ჰქონდაო, მაგრამ არჩევნები მაინც გაყალბებულიაო. ანუ იმიტომ, არის გაყალბებული, რომ ვერ მოიგო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასეთი ფორმულა, რომ წააგო არჩევნები და მაინც მოგებულად გამოგაცხადონ, ჯერ არსად არ გამოუგონებიათ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა როგორ და რა ფორმით, მომავალში გახდება ცნობილი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. რა ფორმით, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას გაიგებს საზოგადოებაც, მედიაც. ჯერ არის დრო თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და როგორც კი ეს კამპანია მოახლოვდება, ჩვენ ამას გავაგებინებთ საზოგადოებას”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. მისივე თქმით, "განულებულია არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა".

„სალომე ზურაბიშვილს და მის მომხრეებს რა ესიზმრება და ქაღალდზე რისი გადატანა მოუწევთ, ვერ გეტყვით, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია. შეუძლიათ, მემუარები წერონ და შემდეგ თაობებს წააკითხონ, თუკი ვინმე საერთოდ დაინტერესდება ასეთი ზღაპრებით. განულებულია არა მხოლოდ ზურაბიშვილი, არამედ კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ვხედავთ, რომ მსოფლიო დღის წესრიგი არის თავიდან ბოლომდე შეცვლილი, ორიენტირებულია იმაზე, რომ მსოფლიოში, რეგიონშიც ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოზიცია არის, რომ ვიყოთ ყურადღებით, მათ შორის, „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებთ, რომ იყვნენ ყურადღებით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც ხელისუფლებას ვეუბნებოდით, ამან გაამართლა, რომ საზოგადოება სწორად ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან დეზინფორმაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს. დონალდ ტრამპი ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც ჩვენ, "ხალხის ძალა" ვამბობდით, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

რაც შეეხება ხაზარაძეს - შეიძლება ხაზარაძისთვის ეს არ არის ცნობილი, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ ფულს ეხება, მისთვის ჯამი იცვლება, რადგან მინუსი-პლიუსი მისკენ არის ყოველთვის, სახელმწიფო ბიუჯეტსაც მილიარდ-ნახევარს სთხოვდა. რაც შეეხება გაერთიანებას - ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოთხად გაიყო და ახლა ამბობენ, რომ იქნებ ისევ გაერთიანდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, ნული ნულია, რამდენზეც არ უნდა გაყო და გაამრავლო. ჩამოყალიბდნენ, არჩევნები გაყალბდა თუ არა. თუ გაყალბდა, საიდან ამტკიცებენ, რომ ბარიერი ოთხმა გადალახა. თუ ოთხმა გადალახა ამ შედეგებს ეთანხმებიან, მაშინ რატომ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა? აქაც კი არიან დაბნეულები და ერთ წრეზე ტრიალებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics