05:33 - 09 Mar, 2025
2025-03-06 19:12:01, 276 ნახვა

პოლიტიკა
იგორ გიორგაძე: ჩვენ უნდა გავხდეთ რუსეთის მოკავშირეები

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული იგორ გიორგაძე ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე უნდა გახდეს. ამის შესახებ მან საკუთარ YouTube-არხზე გამოქვეყნებულ გადაცემაში ისაუბრა.

ვიდეოში გიორგაძე ირწმუნება, რომ მსოფლიოს მოუახლოვდა პროცესი, რომელიც იალტის კონფერენციას წააგავს და გავლენის სფეროების გადანაწილება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ რეალობის გათვალისწინებით, ქართველმა ხალხსა და პირველ რიგში ქვეყნის ახლანდელმ ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, თუ რას წარმოადგენს დასავლეთი, თავისი აშშ-თა და ევროპით, რაა მათი სტრატეგიული მიზნები, რაა ფორმები და მეთოდები ამ მიზნების მისაღწევად და საბოლოო ჯამში ვინ არიან ჩვენი მეგობრები და ვინ არა".

გიორგაძემ ირიბად ახსენა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1784 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი და ამ "ისტორიულ მაგალითზე" მიუთითა. 

"ჩვენ ჩვენი წინაპრების ისტორიული მაგალითი გვაქვს. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს ორნახევარი საუკუნის წინ და შედეგად მე-17 საუკუნის ბოლოს გაქრობის პირას მყოფი საქართველო, ერთნახევარ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, მე-20 საუკუნის დასასრულს იქცა აყვავებულ რესპუბლიკად, 5-მილიონიანი მოსახლეობით, განვითარებული მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით, მსოფლიოში ცნობილი კულტურითა და მეცნიერებით, ხელოვნებითა და სპორტით." - თქვა გიორგაძემ.

ამას გარდა, КГБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა შეაქო ქართული ოცნების რეჟიმი და თქვა, რომ გვიან, თუმცა მაინც გაიაზრეს, რომ ევროატლანტიკური კურსი "დამღუპველია". გიორგაძემ საკუთარ გადაცემაში ყურადღება გაამახვილა ამერიკელი ეკონომისტის, ჯეფრი საქსის სიტყვებზეც. ჯეფრი საქსს აქტიურად იყენებს სამთავრობო პროპაგანდა. მისი ინტერვიუ ტელეკომპანია იმედის ეთერშიც გავიდა. საქსს წარსულში ინტერვიუები ჰქონდა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებთანაც.

"მადლობა ღმერთს, რომ, თუნდაც დაგვიანებით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გააცნობიერა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კურსის დამღუპველობა. ამით თავიდან აიცილა მარიონეტის ბედი, ვისაც ჯეფრი საქსი ამხელს და ვინც დღესაც ცდილობს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ "ფროქსი" ომში გამოიყენოს." - თქვა გიორგაძემ.

იგორ გიორგაძის თქმით, საქართველოს კეთილდღეობის გზა "ევრაზიულ ერთიანობაზე" გადის და მისი მოწოდებით, თბილისი რუსეთის მოკავშირე უნდა გახდეს.

"დასავლეთის მტრები არ უნდა გავხდეთ. არ უნდა ვითამაშოთ ნეიტრალიტეტი. ჩვენ უნდა გავხდეთ დამოუკიდებლები და დავადგეთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვის გზას. და თუ არა მხოლოდ მშვიდობა და აყვავება, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ძმური ურთიერთობის აღდგენაც გვინდა, ჩვენ რთული, ეკლიანი გზის გავლა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა ევრაზიულ ერთობაზე გადის. ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ რუსეთის პოტენციურ მოწინააღმდეგეთა სიიდან და უნდა გავხდეთ მოკავშირეები რუსეთისა, რომელსაც დე ფაქტო დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებენ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად. ამ რთული გზის გავლას ჩვენი ხალხი მხოლოდ ერთიანობით შეძლებს." - თქვა იგორ გიორგაძემ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული პროპაგანდა იგორ გიორგაძეს საჯარო სივრცეში არ იყენებდა. თებერვალში YouTube-ზე გამოჩნდა არხი, რომელიც გიორგაძის ახალი გადაცემისთვისაა განკუთვნილი. პირველ ეპიზოდში მან გამოთქვა იმედი, რომ ქართული ოცნება ქვეყანას "ერთადერთი სწორი გზით გაუძღვება". აქვე მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომთან დაკავშირებით თქვა, რომ ამაში დამნაშავეები "მხოლოდ ქართველები" არიან.

გადაცემის მეორე ეპიზოდში მან ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრა და ქართულ ოცნებას მისი დახურვისკენ მოუწოდა. მასალაში გამოყენებული იყო რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც გიორგაძე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით წარსულშიც ავრცელებდა. ის ირწმუნებოდა, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics