20:58 - 09 Jul, 2025
2025-07-09 16:09:39, 59 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“.

საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.

რეზოლუციით ევროპარლამენტი:

  • არ ცნობს „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ დაამყარა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. შესაბამისად, უარყოფს ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და წულუკიანის საგამოძიებო კომისიას;
  • ხაზს უსვამს, რომ ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკური კურსი ხელშესახებ ცვლილებას არ განიცდის და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება; მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან.
  • საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს;
  • მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ შევიწროებას;
  • უმკაცრესად გმობს ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავებას და მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს;
  • ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში;
  • გმობს 2024 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლებას პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ან მათი მხარდაჭერის გამო; გამოხატავს შეშფოთებას საჯარო სამსახურში დანიშვნების მზარდი პოლიტიზაციის გამო და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გააუქმოს 2024 წლის დეკემბერში მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები;
  • ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდებს, გადახედონ ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ამასთან, ხაზს უსვამს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტებისთვის ქვეყნის სწრაფად დატოვების შესაძლებლობის მისაცემად, რადგან ბევრი მათგანი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას განიცდის;
  • ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის და ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე; შესაბამისად, მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები;
  • მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში; ასევე მოუწოდებს სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე; მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-იდან გათიშვა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას;
  • კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით;
  • იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
  • მკაცრად გმობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის გარემოს მუდმივ და განზრახ განადგურებას რუსული სტილის რამდენიმე შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებით; ევროკავშირს მოუწოდებს, თანხები გადაანაწილოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების პირდაპირი მხარდაჭერისთვის;
  • ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უარყოფის გარდა, ის უარყოფს ზოგადად საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალსა და დემოკრატიულ სტანდარტებს, ამავდროულად სწრაფად მოძრაობს რუსეთში ადრე დაფიქსირებული ნეგატიური ტრაექტორიით;
  • აღნიშნავს, რომ საქართველო, ამჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობით, ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელიც მას ბელარუსის მსგავსად, რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს. მოუწოდებს კომისიას, ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობაში ბრალდებებთან დაკავშირებით;
  • შეშფოთებით აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჩინეთის მიმართ ბოლოდროინდელ სტრატეგიულ შემობრუნებას და ირანთან მის მზარდ თანამშრომლობას; ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტი რეგიონში ჩინეთის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გაზრდის რისკს ქმნის. კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გადახედონ და საჭიროების შემთხვევაში, შეაჩერონ ან გადაამისამართონ რეგიონული დამაკავშირებელი პროექტების დაფინანსება;
  • გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის — მიმდინარე ოკუპაციას და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. რეკომენდაციას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაძლიერებას გაზრდილი რესურსებითა და უფრო ფართო მანდატით, რათა მონიტორინგი გაუწიოს უცხოურ ჩარევასა და საზღვრების დესტაბილიზაციას;
  • აღნიშნავს, რომ 30 მილიონი ევროს ღირებულების ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა სამართლიანად შეჩერდა 2024 წელს საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის საპასუხოდ და რომ 2025 წლისთვის მხარდაჭერა არ არის დაგეგმილი; მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამომავლო ფინანსური დახმარება შეიძლება ავტორიზებული იყოს მხოლოდ იმ პირობით, რომ თვითგამოცხადებული ქართული რეჟიმი გადადგება და ჩატარდება სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული შესწორება ოპოზიციას მოუწოდებდა, გამოეყენებინა ეს არჩევნები „ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ“, საბოლოო რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ:

„2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონში და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით; ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელოდება და რომ, გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მონიტორინგს გაუწევს გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელის მზია ამაღლობელის ჯანრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“, — ჩაიწერა დოკუმენტში.

ევროპარლამენტმა არ გაიზიარა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) პოლიტიკური ჯგუფის ინიციირებული შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.

„მათმა [„ქართული ოცნების”] მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში, როგორიცაა ESN, შემოგვთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ 8 ივლისს გამართულ დებატებზე.

ESN-ის ჯგუფის სახელით წარდგენილი შესწორების ავტორები იყვნენ სლოვაკი ევროპარლამენტარი ულტრამემარჯვენე „მოძრაობა რესპუბლიკიდან“ მილან ურიკი, საფრანგეთში ერიკ ზემურის პარტია „რეკონკისტას“ წევრი სარა კნაფო და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ალექსანდერ სელი.

„სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN) 25 დეპუტატისგან დაკომპლექტებული ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში, რომლის წევრებიც „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელის კრიტიკისგან იცავენ და აინიცირებენ მათ მხარდამჭერ რეზოლუციებს. ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ESN-მა წარადგინა უმცირესობის პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების მოწოდებებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics