02:37 - 24 May, 2025
2025-05-22 11:29:19, 428 ნახვა

აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პირველად გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომების მიღება განიხილება. წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ, მან გამოიყენა ტერმინი „ანტიამერიკული მთავრობა“ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აღსაწერად.

ჯო უილსონმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:

„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბეს. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ ამერიკული კომპანიები განდევნეს, შუა დერეფანში ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა დაბლოკეს, რითაც საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საქართველოში ამჟამად დამყარებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საუბრობს და მსურს, ეს დოკუმენტი ოფიციალურად შევიტანო პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?

რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:

„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხს.

როგორც მან აღნიშნა, ჯო უილსონის მიერ დასმული იყო სრულიად „დეზინფორმაციული კითხვა“ და როდესაც რუბიოს პასუხს "ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ", რას შეეხებოდა განხილვა.

„პირველ რიგში ალბათ ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული, კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე რა თქმა უნდა როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა “რუსთავი2“-ის ეთერში.

ანტიამერიკული მთავრობა დიდ საფასურს გადაიხდის - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით,  რუბიოს ძალიან მკაფიო განცხადებას, კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. 

პირველად ითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რომ მიმდინარეობს აქტიური შეფასება იმ შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლება მიაყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, მნიშვნელოვან ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობის ყოფნამ.

რუბიოს განცხადება ამ თვალსაზრისით არის ძალიან მკაფიო, მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობ, ამას მოჰყვება შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები და განცხადებები. რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყანაში, ანტიამერიკული მთავრობის მიერ ამერიკის ინტერესებისადი ზიანის მიყენების შემთხვევაში ეს ანტიამერიკული მთავრობა გადაიხდის დიდ საფასურს"- თქვა ჯაფარიძემ.

მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს".     

"ოცნება" რუბიოს განცხადებას უნდა დაუფიქრდეს და უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრებს ციხის კარს არ გაუღებს, დრაკონულ კანონებს არ გააუქმებს და ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებას არ შეწყვეტს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს. 

ისინი ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს სხვა კუთხით იყენებენ. "მეგობარ აქტში" აღნიშნული არის რუსეთთან ერთად, ირანის და ჩინეთის გავლენები. ამ მიმართულებითაც სცოდავენ "ოცნების" წარმომადგენლები. ჩვენ ვხედავთ საქართველოში ირანის და ჩინეთის გავლენების გაძლიერებას. ესეც არის ის კუთხე, რა კუთხითაც ისინი საქართველოში არსებულ პრობლემებს უყურებენ. მგონია, რომ ამ განცხადებას "ქართული ოცნება" უნდა დაუფიქრდეს. ტყუილია, რომ მათ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. არსებულმა ადმინისტრაციამაც მათ უთხრა, რა არის მათგან მოსალოდნელი, თუ უნდათ, რომ ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობების. აქ არის საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ანტიამერიკული პროპაგანდის შეწყვეტაზე, კანონების გაუქმებაზე." - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

"ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავს არ დაკიდებულა" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაჟღერებულ მწვავე გზავნილებს. 

მარკო რუბიოს მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ანტიამერიკულ მთავრობად" გამოცხადების ფონზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველ ოლიგარქს ქცევის ცვლილებისკენ მოუწოდებს, რადგან მისივე განმარტებით, თუ ივანიშვილი პოლიტიკას არ შეცვლის, მისი ბედი "განსხვავებულად გადაწყდება". 

პრინციპულად ახალი არაფერი ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მკაფიოდ, ღიად და ხაზგასმულად ოფიციალური პირის მიერ ანტიამერიკული მთავრობა ეწოდა. ამას რა მნიშვნელობა აქვს და როგორი განვითარება მოყვება ხოლმე, სხვამ თუ არავინ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის. აქედან მინდა მას მივმართო, რომ ამაზე უფრო საშიში ნიშანი ჯერ მის თავს არ დაკიდებულა, ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი მის თავს ჯერ არ დაკიდებულა. უნდა გაჩერდეს, რადგან საბოლოო გაფრთხილებების დროა, თუ არადა განსხვავებულად გადაწყდება მისი პერსონალური ბედი". - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics