00:44 - 04 Aug, 2025
2025-08-03 12:05:07, 411 ნახვა

ოცნების რეჟიმი ხრუშოვის და ბრეჟნევის გზას დაადგა, ნაზი შამანაურის შემდეგ მასწავლებლის ნინო დათაშვილის წამებას აპირებენ

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ადამიანის წამების ახალ სიმაღლეებს იპყრობს. სასამართლოს მანდატურების მიერ ნაცემი და დაკავებული ნინო დათაშვილის მოსამარძლემ იძულებით ფსიქიკური ექსპერტიზა დაუნიშნა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა:

„პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა, კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის საკითხის გამორკვევა ყოველგვარი კრიტერიუმის და საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა, რადგანაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ, რა პროცესი განიხილებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი ექსპერტიზის ჩატარებაზე წინააღმდეგი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა“.

თამარ გაბოძის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.

„ხერხემლის ამ დაზიანებიდან გამომდინარე ნინოს 2019 წელს აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი. ეს არის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და, რომელიც პროკურატურისთვის ცნობილი იყო პირველი წარდგენის პროცესიდან . თუმცა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ზომები არ მიუღია. ახლა კი, როდესაც ფაქტობრივად დასრულდა გამოძიება, როდესაც წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს, უკანონოდ მოითხოვა ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივა უკანონოდ, ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, - ამბობს თამარ გაბოძე.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნინო დათაშვილის დისკრედიტაცია, მის სტიგმატიზაციას, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ფსიქიატრია სტიგმატიზებულია:

„მათი მიზანია, ნინო საბოლოოდ ჩამოაშორონ აქტივიზმს, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და უხეშად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოამწყვდიონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უფლებადამცველის მიმართ, ვინც გაბედავს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, შეიძლება გამოიყენონ ეს ვერაგული და უკიდურესად უკანონო ხერხი“.

ნინო დათაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, მათივე შენიშვნით, არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაცვის მხარემ აქამდე გაასაჩივრა ნინო დათაშვილთან დაკავშირებით, არ იქნა დაკმაყოფილებული.

საბჭოთა ლიდერების ხრუშოვის და ბრეჟნევის მეთოდების გამოყენება „ოცნების“ რეჟიმმა როგორც ჩანს ტერორის და დაშინების კამპანიის ფარგლებში მიიღო.

საბჭოთა კავშირში იყო არაერთი დისიდენტი რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აწამეს ერთ ერთი ასეთი იყო ვალერია ნავადვორსკაია, საბჭოთა დისიდენტი და რუსი უფლებადამცველი. ქართულ რეალობაში კი აწამეს და მოკლეს ჟურნალისტი ნაზი შამანაური.

აღსანიშნავია, რომ  "ექიმი", ვინც ნინო დათაშვილის "ფსიქიატრიულში" გადაყვანის გადაწყვეტილებას მოაწერა, იგივეა (დავით მაღრაძე) ვინც ნაზი შამანაურს გამოუტანა იგივე განაჩენი.

დავით მაღრაძე, ადამიანის მწამებელი ე.წ სპეციალისტი სისტემამ საბჭოთა კავშირის დროს ნაზი შამანაურის წინააღმდეგ გამოიყენა და იყენებს ახლაც. ასეთი ადამიანები დარჩა „ოცნების“ ე.წ ხელისუფლებას მხარდამჭერებად, დამნაშავეები, კორუმპირებულები და საჯარო მოხელეები მაღალ ხელფასზე.

"რეჟიმის მიერ დაკავებული უკანონო პატიმარი ნინო დათაშვილი იძულებით გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

არ მოგატყუოთ სიტყვამ - "დიაგნოსტირებისთვის", ფსიქიატრია მედიცინის სხვა მიმართულებებს არ გავს და დიაგნოზის დასმა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მარტივი, სწრაფი ინსტრუმენტული კვლევით, არამედ ეს ხშირად ხანგრძლივი დაკვირვების გზით ხდება.

ეს გადაწყვეტილება მიმართულია არა მხოლოდ რეჟიმის პატიმრის, არამედ სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ.

ცნობილია, თუ როგორ საშინლად იყენებდა ფსიქიატრიას საბჭოთა კავშირი ადამიანთა ტანჯვისათვის. ამ პრაქტიკას დღესაც აგრძელებს რუსეთის სახელმწიფო.

მედიცინისა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროს თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ამ მავნებლობაში თუნდაც მცირედად მიიღებს მონაწილეობას, შეუარცხყოფს არა მხოლოდ საკუთარ ღირსებას, არამედ მთლიანად პროფესიას და ამ სფეროში მომუშავე სხვა კეთილსინდისიერ პროფესიონალებს, შეიძლება წლებიც კი დაჭირდეთ ამ საშინელი ლაქის მოსაშორებლად.

მე, როგორც ქრისტიანი მღვდელი და ასევე ფსიქოლოგი, მოვუწოდებ ყველა პროფესიონალს, ვისაც სახელმწიფო იყენებს ამ მავნებლობისათვის, ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც სიცოცხლეშივე მოგიტანთ დამცირებასა და პროფესიული კარიერის განადგურებას, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი ღირსეულ მარადიულ სატანჯველს." - წერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, მამა ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელში

ფსიქოლოგი მაია ცირამუა სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანაზე ეხმაურება:

“ნებისმიერი პატიმარი, წარსულში კი არა, ახლაც, საკანში ყოფნისას რომ იყოს ემოციურად ლაბილური, ეს არის ადეკვატური პასუხი შეცვლილ გარემოებებზე. პენიტენციური სტრესი არ გაგიგიათ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ფორმა სტრესის, რომელიც უამრავ პრობლემას იწვევს, ასეც რომ იყოს, არც ეს არ გამოდგება არანაირ მიზეზად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასანიშნად, პირველკურსელმაც კი იცის, ან უნდა იცოდეს, რა შეიძლება გადაიქცეს ექსპერტიზის მიზეზად. იძულებაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება...

...როგორ, რა კრიტერიუმია ეს, შერაცხადობა/შეურაცხადობის დასადგენად? 2019 წელს ოპერაცია რომ გაიკეთა ადამიანმა და პოსტ-ოპერაციული მდგომარეობა თუ ჰქონდა ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რაც სრულიად ადეკვატური პასუხია ამგვარ გამოცდილებაზე, ეს ჩანაწერი როგორ იძლევა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველს?! რას ნიშნავს, ეს, რა მიზანს ემსახურება?

არც კი მჯერა, რომ ეს საბჭოთა ფსიქიატრიული პრაქტიკა გაგვიცოცხლეს.

მოვუწოდებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს, სად, რა სახის სერვისშიც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, ნუ შევუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკის საქართველოში გაცოცხლებას და დამკვიდრებას. პატივი ვცეთ ჩვენს პროფესიას და რაც მთავარია, დავრჩეთ ადამიანზე ორიენტირებულ სპეციალისტებად,” — წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

„ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ. ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია: ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი და მარტოხელა დედა, 20 ივნისს დააკავეს. დღეს „სასამართლომ“ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ბრძანა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics