00:47 - 02 Feb, 2025
2025-01-29 17:07:07, 135 ნახვა

რეგიონი/
ე.წ მოქალაქეობის ჩამორთმევა - კრემლის ზეწოლის ახალი ინსტრუმენტი აფხაზეთის რეგიონში

რუსეთმა აფხაზ სამოქალაქო აქტივისტსა და ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერ ლეუან მიქაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ერთი კვირის წინ რუსეთის მოქალაქეობის გარეშე დარჩა კან კვარჩიაც - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომელიც, ლეუან მიქაასთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლებში. 2024 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამ დეპუტატს: გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს.

პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, მოსკოვი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას იყენებს, როგორც ახალი კავკასიური პოლიტიკის ინსტრუმენტს.

ლეუან მიქაა ჩართული იყო 2024 წლის ნოემბერში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებსაც მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

პროტესტი მოყვა ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომლის წინააღმდეგი იყო ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილი. სწორედ კვარჩიამ და მიქაამ გადაკეტეს 2024 წლის 11 ნოემბერს გუმისთის ხიდი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა უშიშროების ძალებმა ოპოზიციის წარმომადგენლები დაიჭირეს.

ლეუან მიქააც და კან კვარჩიაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას გუნდის წევრები არიან.

რუსეთის შს სამინისტროს განმარტებით, აფხაზეთის მკვიდრი კვარჩია რუსული პასპორტის გარეშე დარჩა იმ „ქმედებების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს“.

კან კვარჩია არის აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი, ადგურ არძინბას ახლო მეგობარი და 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. კვარჩია ასევე ცნობილია, როგორც 2024 წლის დეკემბერში ე.წ. პარლამენტის სხდომაზე მომხდარი სროლის საქმის ფიგურანტი. შემთხვევის შედეგად დაიღუპა დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, თავად კვარჩია კი დაიჭრა.

როგორც ადგილობრივი მიმომხილველები წერენ, 15 თებერვლისათვის დანიშნული ე.წ. არჩევნების წინ მოვლენების ასეთი განვითარება არანაირად არ ასხამს წყალს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ადგურ არძინბას წისქვილზე, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატის ახლო წრეში იმყოფება არა უბრალოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე დეპუტატი, რომელიც სისხლიან გარჩევებშია ჩართული, არამედ პერსონა, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია სოხუმის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რუსეთისთვის.

ადგურ არძინბა, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სავარაუდოდ, შეეცდება თავი დაიცვას ოპოზიციის საყვარელ სტილში: დაადანაშაულოს მოქმედი ხელისუფლება იმაში, რომ არ შეუძლია ადეკვატური ოპონირება გაუწიოს მოსკოვს, როცა საქმე ეხება თანამემამულეების ინტერესების დაცვას.

სავარაუდოდ, სწორედ ამგვარი ბრალდებების პრევენციის მიზნით, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა გაარკვიოს პარლამენტის წევრ კან კვარჩიასა და სამოქალაქო აქტივისტის, ლეუან მიქაას რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

 

Telegram-არხი „აფხაზია-ცენტრი“ დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, კრემლის ახალი კავკასიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლის ამოქმედებასაც შეიძლება ჰქონდეს შემდეგი პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგები:

  • რუსეთის ფედერაცია ხაზს უსვამს, რომ ბჟანიას გადადგომა და რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის შეჩერება ეწინააღმდეგება მოსკოვის ინტერესებს
  • ანტირუსული რიტორიკა დაუსჯელი არ დარჩება
  • ეს გაკვეთილია სხვა აფხაზი პოლიტიკოსებისთვის
  • კვარჩიასა და მიქაას აფხაზმა ოპონენტებმა მოახერხეს რუსების დარწმუნება იმაში, რომ ეს ორი პოლიტიკოსი პროთურქული და პროდასავლური პოლიტიკის გამტარებლები არიან
  • რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას სავარაუდოდ მოჰყვება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, რაც ავტომატურად გამოიწვევს კვარჩიასა და მიქაას იზოლაციას

 

მოსკოვი რომ ღიად მტრობს ე.წ. ოპოზიციას და კვლავინდებურად მხარს უჭერს ბჟანიას ხელისუფლებას, კარგად ჩანს სოციოლოგიური კვლევიდანაც, რომელიც 24 იანვარს გამოაქვეყნა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ).

ВЦИОМ-ის მტკიცებით, სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18 წლის და უფროსი ასაკის აფხაზეთის 1634-მა მკვიდრმა, რომელთა ხმები 15 თებერვლის არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ასე განაწილდა:

  • ბადრა გუნბა, მმართველი პარტიის კანდიდატი და ასლან ბჟანიას დროს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი – 32%
  • ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობისა და ოპოზიციის ლიდერი – 15%
  • ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში – 7%
  • რობერტ არშბა, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი – 5%
  • ადგურ ხურხუმალი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე – 5%
  • ყველას წინააღმდეგ – 4%
  • გაუჭირდა პასუხის გაცემა - 34%



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics